მედიის ინფორმაციით, რუსეთის ძალებმა უკრაინის ქალაქებზე დილიდან მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანეს
რუსეთის ძალებმა უკრაინის ქალაქებზე დილიდან მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანეს. უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის ცნობით, ადგილობრივი დროით დაახლოებით 08:30 საათზე რუსებმა „ტუ-95“-ის ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენებიდან ფრთოსანი რაკეტები გაუშვეს.
საჰაერო განგაში უკრაინის მთელ ტერიტორიაზე გამოცხადდა. აფეთქებების ხმა ისმოდა კიევში, ხარკოვში, კრივოი-როგში, ხმელნიცკში, ვინიცაში, ივანო-ფრანკოვსკში, ასევე ლვოვის, ოდესის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიესა და პოლტავის ოლქებში. ხარკოვის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის ცნობით, ოკუპანტების დარტყმის შედეგად დაშავდა შვიდი ადამიანი, მათგან ორის მდგომარეობა კრიტიკულია.
რუსეთის ძალებმა ხარკოვში კრიტიკული ინფრასტრუქტურა დაბომბეს. ადგილობრივი ხელისუფლება მოქალაქეებს ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხების შესახებ აფრთხილებს.
მედიის ინფორმაციით, რაკეტის ნამტვრევები ასევე ჩამოვარდა კიევში, გოლოსეევსკის რაიონში, რის შედეგადაც დაზიანდა კერძო სახლი და ავტომობილი. კიევის მერი ვიტალი კლიჩკო მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს.
უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერის, იური იგნატის განცხადებით, რუსმა ოკუპანტებმა დილით ხარკოვისა და ზაპოროჟიეს ოლქებზე მასირებული დარტყმა მიიტანეს „ეს-300“-ის ტიპის რეკორდული რაოდენობის რაკეტებით. მისი მონაცემებით, სულ რუსეთის ძალებმა „ეს-300“-ის 35 რაკეტა გაუშვეს ბელგოროდის ოლქიდან და ოკუპირებული ტოკმაკის რაიონიდან.