მედიის ინფორმაციით, რუსეთის ძალებმა უკრაინის ქალაქები კვლავ დაბომბეს
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ოდესისა და მიკოლაევის ოლქებში განგაშის სიგნალები ისმის. ისევ დაიბომბა ხარკოვის დასახლებული უბნები, სადაც, წინასწარი ინფორმაციით, დაშავდა ექვსი და დაიღუპა სამი ადამიანი. მედიის ცნობით, დაიბომბა ასევე სუმის ოლქი, სადაც სასაზღვრო რაიონებზე ოთხჯერ მიიტანეს იერიში.
ლუგანსკის გუბერნატორის, სერგეი გაიდაის ინფორმაციით, რუსული ძალები ლისიჩანსკისა და ბახმუტის დამაკავშირებელი გზის დაკავებას ცდილობენ. ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის შეფასებით, რუსულმა ძალებმა თითქმის სრულად დაიკავეს სევეროდონეცკის დასახლებული ნაწილი და განაგრძობენ იერიშს სლავიანსკზე, ცდილობენ უკრაინული თავდაცვის გარღვევას. ლისიჩანსკზე გასვლას კი, სამხრეთიდან ცდილობენ. მოწინააღმდეგემ ძალების გაყვანა დაიწყო პოზიციებიდან ზაპოროჟიეს ოლქში. რაც შეეხება ხერსონის ოლქს, საოკუპაციო ძალებმა ვერ შეძლეს მოწინავე პოზიციების დაბრუნება მდინარე იგულეცის დასავლეთით.
გაერო-ს მონაცემებით, ომის დაწყებიდან უკრაინაში სულ მცირე 4 253 სამოქალაქო პირი დაიღუპა, მათ შორის 272 ბავშვი, თუმცა, ორგანიზაციის განცხადებით, მონაცემები სურათს სრულად არ ასახავს.