მედიის ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი გუშინდელ შეხვედრასთან დაკავშირებით დამატებით განმარტებას აკეთებს
რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი ვლადიმირ მედინსკი გუშინ გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით დამატებით განმარტებებს აკეთებს.
„გუშინ უკრაინულმა მხარემ პირველად დააფიქსირა, ამასთან წერილობითი ფორმით, მისი მზაობა მთელი რიგი მნიშვნელოვანი პირობების შესასრულებლად და მომავალში რუსეთთან ნორმალური და ვიმედოვნებ კეთილმეზობლური ურთიერთობების ასაგებად. თუ ეს ვალდებულებები შესრულდება, მაშინ უკრაინის ტერიტორიაზე ნატო-ს პლაცდარმის შექმნის საშიშროება ლიკვიდირებული იქნება. სწორედ ამაშია უკრაინის მიერ, საკმაოდ მაღალ დონეზე წინასწარ შეთანხმებული დოკუმენტის არსი, აზრი და მნიშვნელობა“, – განაცხადა მედინსკიმ.
ამასთან, რუსული მედია წერს, რომ მედისნკიმ შემდეგ პუნქტებზე ისაუბრა: „ეს წინადადებები ითვალისწინებს ნატო-ში გაწევრიანებაზე უარს, უკრაინისთვის ბლოკგარეშე სტატუსის მინიჭებასა და ბირთვულ იარაღზე უარის თქმას. ასევე კიევი მზადაა, არ განათავსოს მის ტერიტორიაზე უცხოური სამხედრო ბაზები და სამხედრო კონტიგენტი. აიღოს ვალდებულება, რომ უცხო ქვეყნის შეიარაღებული ძალების მონაწილეობით სამხედრო სწავლებას მხოლოდ გარანტორ სახელმწიფოებთან შეთანხმებით ჩაატარებს, რომელთა შორისაც რუსეთიც იქნება“.