მედიის ინფორმაციით, ქაბულში, სამხედრო საავადმყოფოსთან აფეთქებებს სულ მცირე 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ქაბულში, სარდარ მუჰამედ დაუდ ხანის სამხედრო საავადმყოფოსთან მომხდარ ორ აფეთქებას, რომელსაც შემდეგ სროლაც მოჰყვა, სულ მცირე 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და 43 დაშავდა. ინფორმაციას „ალ-ჯაზირა“ ავრცელებს.
აფეთქებები ავღანეთის დედაქალაქში დაახლოებით საათ-ნახევრის წინ მოხდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა ადგილობრივი მედიის ცნობით, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები საავადმყოფოში შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს უსაფრთხოების ძალების მიმართულებით.
„თალიბანის“ წარმომადგენლის, ბილალ ქარიმის თქმით, ადგილზე უსაფრთხოების ძალები არიან მობილიზებული. ავღანეთში მომხდარ აფეთქებებზე პასუხისმგებლობას თავის თავზე ძირითადად ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ხორასანის პროვინციაში არსებული ფილიალი იღებს. 2017 წელს ორგანიზაციის მიერ 400-ადგილიან საავადმყოფოზე თავდასხმას 30 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.