მედიის ინფორმაციით, ქაბულის აეროპორტთან ორი აფეთქების შედეგად დაიღუპა 40 ადამიანი, მათ შორის ოთხი ამერიკელი საზღვაო ქვეითია
„უოლ სთრით ჯორნალის“ ცნობით, ქაბულის აეროპორტთან თვითმკვლელების თავდასხმის შედეგად ორ აფეთქებას ოთხი ამერიკელი საზღვაო ქვეითი ემსხვერპლა და კიდევ სამი დაიჭრა. ეს ინფორმაცია ჟურნალისტებს ანონიმურმა წყარომ დაუდასტურა.
ამასთან, პენტაგონმა უკვე დაადასტურა, რომ აფეთებების შედეგად რამდენიმე ამერიკელი სამხედრო დაიღუპა.
პარალელურად, „ნიუ იორკ თაიმსის“ კორესპონდენტი, რომელიც ავღანეთში იმყოფება, 40 დაღუპულისა და 120 დაშავებულის შესახებ იუწყება. თუმცა ეს ინფორმაცია ჯერ დადასტურებული არ არის.
შეგახსენებთ, რომ ქაბულის აეროპორტთან ორი აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც ამერიკელი ჯარისკაცები და მათი მოკავშირეები ავღანეთიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეების და ავღანელების ნაწილის ევაკუაციას აგრძელებდნენ.