მედიის ინფორმაციით, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში მარეკ დუდაევი მოკლეს
მედიის ინფორმაციით, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში მარეკ დუდაევი მოკლეს

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მდებარე სოფელ არცევში მარეკ დუდაევი მოკლეს, ამის შესახებ ოსური საინფორმაციო სააგენტო „რესი“ წერს.

სააგენტოს ცნობით, მარეკ დუდაევი მშობლიურ სოფელში მიტოვებული შენობის მეორე სართულზე მოკლული იპოვეს.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მას სამი ტყვია აქვს მოხვედრილი.

გამოცემა წერს, რომ მარეკ დუდაევი 2004 წლის 18 მარტს საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების სპეცრაზმმა დააკავა. აყვანის ოპერაციის დროს დუდაევს შვიდი ტყვია მოხვდა, თუმცა გადარჩა.

სააგენტოს ცნობით, მას 2005 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ 23-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა 2013 წლის 7 ივნისს ამნისტიით გაათავისუფლეს.