მედიის ინფორმაციით, ნიკოლ ფაშინიანი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე რუსი მესაზღვრეების ბაზების განთავსების შესაძლებლობას განიხილავს
ნიკოლ ფაშინიანი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე რუსი მესაზღვრეების ბაზების განთავსების შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, აზერბაიჯანის მცდელობა, აჩვენოს, რომ სომხეთი საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესის წინააღმდეგია, რეალობისგან შორსაა. მისი თქმით, სომხეთის მოქალაქეებისგან მიღებული მანდატის საფუძველზე, სომხეთის მთავრობა აღნიშნული პროცესის დაწყების მომხრეა, რაც სომხეთ-აზერბაიჯანის სოტკ-ჰოზნავარის მონაკვეთიდან აზერბაიჯანის ჯარების გაყვანას, საზღვრის გასწვრივ რუსი მესაზღვრეების ბაზების განთავსებას და საზღვრის მონიტორინგს, სადემარკაციო სამუშაოების დაწყებას გულისხმობს.
ნიკოლ ფაშინიანის თქმით, სომხეთ-აზერბაიჯანის მთელ საზღვარზე რუსი მესაზღვრეების განთავსება, მხარეებს სადემარკაციო და სალიმიტაციო სამუშაოების, სამხედრო შეტაკების რისკის გარეშე განხორციელების საშუალებას მისცემს. გარდა ამისა, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული ვითარების გასარკვევად, ნიკოლ ფაშინიანი, საზღვარზე კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის მონიტორინგის მისიის ან საერთაშორისოდ აღიარებული სხვა ფორმატების, მათ შორის ეუთო-ს მინსკის ჯგუფის მისიის განთავსების შესაძლებლობასაც განიხილავს.