მედიის ინფორმაციით, ნავთობის და გაზის საბადოების დასაცავად აშშ-მა სირიაში შესაძლოა, 500 სამხედრო დატოვოს
სირიის ნავთობის და გაზის საბადოების დასაცავად, აშშ-მა სირიაში შესაძლოა, 500 სამხედრო მოსამსახურე დატოვოს. ინფორმაციას გამოცემა „ვოლ სთრით ჯორნალი“ ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ვაშინგტონი სირიის აღმოსავლეთში სამხედროების დასაცავად ტანკების და სხვა სახის მძიმე სამხედრო აღჭურვილობის გაგზავნას გეგმავს. აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ვაშინგტონი არ დაუშვებს, რომ „ისლამურმა სახელმწიფომ“ კიდევ ერთხელ მოიპოვოს კონტროლი საბადოებზე.
დონალდ ტრამპის თქმით, ნავთობის ზონებზე კონტროლი ქურთებმა უნდა განახორციელონ. მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ ვაშინგტონს სირიიდან ჯარები გაჰყავს, რადგან კონფლიქტზე პასუხისმგებლობა რეგიონის ქვეყნებმა უნდა აიღონ.