მედიის ინფორმაციით, ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი აგვისტოში უკრაინას ეწვევა. როგორც „დოიჩე ველე“ წერს, ამის შესახებ ინფორმაციას ინდური მედია დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ვიზიტი ახლა მოსამზადებელ ფაზაშია და, სავარაუდოდ, 23 აგვისტოს შედგება. ეს იქნება ინდოეთის პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტი უკრაინაში ფართოსმაშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ.
რუსული სააგენტო „ტასი“ ინდოეთის პარლამენტის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მოდიმ, შესაძლოა, მოსკოვსა და კიევს სამშვიდობო მოლაპარაკებებში შუამავლობა შესთავაზოს.
„ინდოეთს აქვს დიდი ხნის მეგობრული ურთიერთობები რუსეთთან და პრემიერ-მინისტრს აქვს კარგი ურთიერთობა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. ამავდროულად, ინდოეთს კარგი ურთიერთობა აქვს უკრაინასთან. ინდოეთს ორივე ქვეყანა ენდობა“, – წერს რუსული სააგენტო.