მედიის ინფორმაციით, მსოფლიოში ბირთვული იარაღის საბრძოლო ქობინების რაოდენობა გაზრდილია
მედიის ინფორმაციით, მსოფლიოში ბირთვული იარაღის საბრძოლო ქობინების რაოდენობა გაზრდილია

მსოფლიოში ბირთვული იარაღის საბრძოლო ქობინების რაოდენობა გაზრდილია. ინფორმაციას სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტზე (SAPRI) დაყრდნობით, სააგენტო „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

ინსტიტუტის ანგარიშში წერია, რომ გასული წლის მანძილზე მსოფლიოში ბირთვული იარაღის საბრძოლო ქობინების რაოდენობა 105-ით არის გაზრდილი, 3 720 ერთეულიდან 3 825 ერთეულამდე. აქედან 50 ერთეული აშშ-სა და რუსეთზე მოდის, რომლებსაც ექსპერტების თქმით, დაახლოებით 2 000 სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მყოფი ბირთვული ქობინი აქვთ საკუთარ არსენალში.

ანგარიშის მიხედვით, მოსკოვი და ვაშინგტონი მათი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიებში უფრო და უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ ბირთვული იარაღით შეიარაღებას. ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ამჟამად მსოფლიოში 13 080 ერთეული ბირთვული იარაღია, რომლის 90 პროცენტი აშშ-სა და რუსეთზე მოდის.

ბირთვული იარაღი საკუთარ შეიარაღებაში ასევე დიდ ბრიტანეთს, სამხრეთ კორეას, ჩინეთს, საფრანგეთს, ისრაელს, ინდოეთს და პაკისტანს აქვთ. უნდა აღინიშნოს, რომ 2010 წელს რუსეთმა და აშშ-მა ხელი მოაწერეს სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულებას (START), რომლის მიხედვით საბრძოლო მზადყოფნაში მყოფი ბირთვული ქობინების რაოდენობა 1 550 ერთეულამდე უნდა შემცირებულიყო. დოკუმენტი მხარეებს ბირთვული იარაღის შესახებ ინფორმაციის გაცვლას ავალდებულებს. მოსკოვმა და ვაშინგტონმა აღნიშნული ხელშეკრულება ხუთი წლის ვადით გაახანგრძლივეს.