მედიის ინფორმაციით, მოსკოვში ალექსეი ნავალნის ძმა და მისი თანამოაზრეები დააკავეს
მედიის ინფორმაციით, მოსკოვში ალექსეი ნავალნის ძმა და მისი თანამოაზრეები დააკავეს

მოსკოვში რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ძმა და მისი თანამოაზრეები დააკავეს. სამართალდამცველებმა ალექსეი ნავალნის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩაატარეს. შესაბამის ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

დაკავებულები 23 იანვრის აქციაზე სანიტარული და ეპიდემიოლოგიური რეგულაციების დარღვევაში არიან ეჭვმიტანილი. დაკავებულთა შორისაა ლუბოვ სობოლი, რომელიც თავდაპირველად პოლიციამ მოწმის სტატუსით დაკითხვის მიზნით წაიყვანა. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორში 48 საათით დარჩებიან. პოლიციელებმა ნავალნის 20-მდე თანამოაზრის სახლიც გაჩხრიკეს.

რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, აქციის ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა კორონავირუსის ინფექციის გავრცელების საფრთხე შექმნეს და ამასთან, აქციაში კოვიდინფიცირებულებიც მონაწილეობდნენ. სამინისტროს განმარტებით, აქციის ზოგიერთი მონაწილის მიმართ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.