მედიის ინფორმაციით, ევროპულმა სასამართლომ პოლონეთს ყოველდღიურად მილიონი ევროს ჯარიმის გადახდა დააკისრა
პოლონეთის უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების უგულებელყოფის გამო, მართლმსაჯულების ევროპულმა სასამართლომ პოლონეთს ჯარიმის გადახდა დააკისრა.
ამის შესახებ ინფორმაციას „ესოშიეითიდ პრესი“ ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, პოლონეთის მმართველმა პარტიამ უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატას მოსამართლეებზე დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების უფლებამოსილება მიანიჭა.
როგორც „ესოშიეითიდ პრესი“ წერს, ბევრი პოლონელი მოსამართლე პალატას მმართველი ხელისუფლების მხრიდან მოსამართლეებზე ზეწოლის ინსტრუმენტად განიხილავს. სასამართლოს განცხადებით, ჯარიმის დაკისრება აუცილებელია, რათა თავიდან იქნას აცილებული სერიოზული და გამოუსწორებელი ზიანი ევროკავშირის სამართლებრივ წესრიგსა და იმ ღირებულებებზე, რომლებზეც დაფუძნებულია ეს კავშირი, განსაკუთრებით კანონის უზენაესობაზე.
სადისციპლინო პალატის გაუქმება მართლმსაჯულების სასამართლომ პოლონეთს ივლისშიც მოსთხოვა, თუმცა პალატა კვლავ განაგრძობს მუშაობას, რის გამოც ევროკომისიამ პოლონეთზე ჯარიმის დაკისრება მოითხოვა. ევროკომისიის განცხადებით, პოლონეთის მმართველი პარტიის ქმედებები ძირს უთხრიან სასამართლოს დამოუკიდებლობას ქვეყანაში.