მედიის ინფორმაციით, ჯო ბაიდენი და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს შვეიცარიაში შეხვდებიან
ჯო ბაიდენი და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს შვეიცარიაში შეხვდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ შვეიცარიულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
შვეიცარიული მედიის ინფორმაციით, შეხვედრა ჟენევაში გაიმართება და შეხვედრის მომზადების მიზნით ჟენევაში უკვე ჩავიდა აშშ-ის შესაბამისი ჯგუფი.
ჯერჯერობით ინფორმაციას არ ადასტურებენ არც ვაშინგტონი და არც მოსკოვი, თუმცა ჟენევაში, უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის, ჯეიკ სალივანისა და რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივნის, ნიკოლაი პატრუშევის შეხვედრა გაიმართა. მედიის ცნობით, შეხვედრაზე სავარაუდოდ პრეზიდენტების შეხვედრისთვის მოსამზადებელი სამუშაოები იყო განხილული.
ჟენევა პრეზიდენტების შეხვედრისთვის ყველაზე სასურველ ლოკაციად რუსულ მედიაშიც სახელდებოდა.
რამდენიმე დღის წინ, პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ, ვლადიმერ პუტინთან მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე შეხვედრის გამართვის სურვილი გამოთქვა. ადმინისტრაციის მიერ შეხვედრის გამართვის მისაღებ პერიოდად ივნისის თვის შუა რიცხვები დასახელდა. სწორედ ამ პერიოდში არის დაგეგმილი აშშ-ის პრეზიდენტის ევროპაში ვიზიტი, რომელიც „დიდი შვიდეულის“ სამიტზე და ნატო-ს მოკავშირეებთან შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.
ბოლო პერიოდში, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუარესება, უკრაინაში რუსული სამხედრო შენაერთების ზრდამ და რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის დაკავებამ გამოიწვია.
აღსანიშნავია, რომ 1985 წელს ჟენევაში შეხვედრა გაიმართა რონალდ რეიგანსა და მიხეილ გორბაჩოვს შორისაც, რაც გარდამტეხი აღმოჩნდა „ცივი ომის“ დასრულების საკითხში.