მედიის ინფორმაციით, ირანთან 2015 წლის ბირთვული შეთანხმების აღდგენაზე მოლაპარაკება მალე განახლდება
ირანის არაპირდაპირი მოლაპარაკებები ამერიკის შეერთებულ შტატებთან 2015 წლის ბირთვული შეთანხმების თაობაზე მალე განახლდება. „როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჯოზეფ ბორელთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ მზად ვართ, განვაახლოთ მოლაპარაკებები უახლოეს დღეებში. რაც მნიშვნელოვანია ირანისთვის, არის ის, რომ სრულად მიიღოს 2015 წლის შეთანხმების ეკონომიკური სარგებელი“, – აღნიშნა ამირაბდოლაჰიანმა და დაამატა, რომ მას ჰქონდა „ხანგრძლივი, მაგრამ პოზიტიური შეხვედრა“ ბორელთან.
საპასუხოდ, ბორელის თქმით, მომდევნო დღეებში მოსალოდნელია, განახლდეს მოლაპარაკებები და დაიძლიოს არსებული ჩიხი.
„ჩვენ უნდა დავაჩქაროთ მუშაობა. ძალიან ბედნიერი ვარ იმ გადაწყვეტილებით, რომელიც თეირანსა და ვაშინგტონში მიიღეს“, – აღნიშნა ბორელმა.