მედიის ინფორმაციით, ირანის ქალაქ ყუმში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა
ირანის ქალაქ ყუმში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა. ინფორმაციას სააგენტო „ილნა“ ავრცელებს.
„ესოშიეთიდ პრესის“ ინფორმაციით, კარანტინში ამ დროისთვის 250 ადამიანი იმყოფება.
ირანის ხელისუფლება აქამდე 12 ადამიანის გარდაცვალების შესახებ ავრცელებდა ინფორმაციას. ბოლო მონაცემებით, ახალი ტიპის კორონავირუსით 61 ადამიანია დაინფიცირებული.
ირანული სააგენტო „ილნასთვის“ მიცემულ ინტერვიუში ყუმის დეპუტატი აჰმად ამირიაბადი ფარაჰანი ამბობს, რომ ვირუსის კონტროლის მიზნით, მთავრობის გადადგმული ნაბიჯები წარმატებული არ იყო და ექთნებს შესაბამისი დამცავი აღჭურვილობა არ აქვთ.
ირანის ხელისუფლებამ ქვეყნის უმეტეს რეგიონებში სკოლები დახურა.