მედიის ინფორმაციით, გერმანიის ხელისუფლება ქვეყნიდან 40 რუს დიპლომატს აძევებს
გერმანიის ხელისუფლება ქვეყნიდან 40 რუს დიპლომატს აძევებს. შესაბამის ინფორმაციას „ბიბისი“ გერმანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. აღნიშნული გადაწყვეტილება გერმანიის ხელისუფლებამ უკრაინის ქალაქ ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეების მასობრივი მკვლელობის საპასუხოდ მიიღო.
მანამდე, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ გერმანია რუსეთის საელჩოს მნიშვნელოვანი რაოდენობის თანამშრომლებს არასასურველ პირებად გამოაცხადებს.
„ბუჩადან სურათები მეტყველებს წარმოუდგენელ სისასტიკეზე რუსეთის ხელისუფლების მხრიდან და მათი მხრიდან, ვინც მის პროპაგანდას მიჰყვება. შესაბამისად, გერმანიის მთავრობამ დღეს გადაწყვიტა, არასასურველ პირებად გამოაცხადოს რუსეთის თანამშრომლების მნიშვნელოვანი რაოდენობა, რომლებიც აქ, გერმანიაში ყოველდღიურად ჩვენი თავისუფლების წინააღმდეგ, ჩვენი საზოგადოების ერთიანობის წინააღმდეგ მუშაობენ“, – განაცხადა ბერბოკმა.
როგორც სააგენტო „როიტერი“ აღნიშნავს, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს აკრედიტებული ჰყავს ქვეყანაში 104 რუსი დიპლომატი.
ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ გერმანია უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერას გააძლიერებს.
„ჩვენს პარტნიორებთან ერთად მორიგი საპასუხო ნაბიჯების გადადგმას ვიწყებთ. ჩვენ კიდევ უფრო გავამკაცრებთ არსებულ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, გადამწყვეტად გავზრდით ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის შეიარაღებული ძალებისადმი და ასევე, გავაძლიერებთ ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგს“, -განაცხადა გერმანელმა დიპლომატმა.