მედიის ინფორმაციით, გერმანიაში გამოავლინეს ულტრამემარჯვენე ჯგუფი, რომელსაც პოლონეთიდან მიგრანტების შეჩერება ჰქონდა განზრახული
გერმანიაში გამოავლინეს ულტრამემარჯვენე ჯგუფი, რომელსაც პოლონეთიდან მიგრანტების შეჩერება ჰქონდა განზრახული. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
ჯგუფი, რომელშიც 50-ზე მეტი ადამიანი შედიოდა, აღჭურვილი იყო წიწაკის შესასხურებლებით, ხიშტებით, მაჩეტეებით და ხელკეტებით. ჯგუფის წევრები ულტრამემარჯვენე პარტია „მესამე გზის“ მხარდამჭერები არიან, რომელმაც საკუთარ წევრებს გერმანიაში არალეგალი მიგრანტების შემოსვლის აღკვეთისკენ მოუწოდა. პოლიციამ ჯგუფის წევრები ქალაქ გუბენთან დააკავა, იარაღები ჩამოართვა და ტერიტორია დაატოვებინა.
გერმანიაში პოლონეთიდან საბუთების არმქონე მიგრანტთა ნაკადის ზრდა აგვისტოს თვის შემდეგ შეიმჩნევა. დაფიქსირებულია საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ექვსი ათასზე მეტი ფაქტი. მიგრანტები ძირითადად ბელარუსიდან გადმოდიან და გერმანიაში შესვლას პოლონეთის გავლით ცდილობენ. გერმანიამ პოლონეთის საზღვართან დამატებით 800 პოლიციელი მოაბილიზა, რათა აღკვეთოს ბელარუსიდან და პოლონეთიდან გერმანიის ტერიტორიაზე საბუთების არმქონე მიგრანტების შემოსვლა.
პოლიციის განცხადებით, აღნიშნულის გამო, პოლონეთთან საზღვრის დაკეტვა არ იგეგმება, თუმცა კონტროლი გამკაცრდება. ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობა ბელარუსის მთავრობას საბუთების არმქონე მიგრანტების პოლონეთის, ლატვიის და ლიეტუვის საზღვრებთან შეგნებულად გაგზავნაში სდებს ბრალს, რათა აიძულოს ევროკავშირი, შეამსუბუქოს დაწესებული სანქციები. ბელარუსის მთავრობა ბრალდებებს უარყოფს.