მედიის ინფორმაციით, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი პუტინისა და ლავროვის საერთაშორისო სასამართლოში გასამართლების იდეის მომხრეა
გერმანიის პრეზიდენტი, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის საერთაშორისო სასამართლოში გასამართლების იდეას ემხრობა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ გერმანიის პრეზიდენტმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
რუსეთის პრეზიდენტისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ტრიბუნალის აუცილებლობის შესახებ შეკითხვაზე პასუხად, შტაინმაიერმა განაცხადა:
„ყველამ, ვინც ამ დანაშაულშია დამნაშავე, პასუხი უნდა აგოს. ეს მოიცავს ჯარისკაცებს, სამხედრო მეთაურებს და, რა თქმა უნდა, მათ, ვისაც პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრებათ. 2001 წლის პუტინს, ვისთანაც მომიწია ურთიერთობა, 2022 წელს პუტინთან არაფერი აქვს საერთო – ომის სასტიკ გამჩაღებელთან. რუსეთის პოლიტიკაში ცვლილებების მომსწრე გავხდი, მაგრამ სიმართლე გითხრათ, მაინც იმედი მქონდა, რომ პუტინი რაციონალური დარჩებოდა. ვერ წარმოვიდგენდი, რომ რუსეთის პრეზიდენტი იმპერიულ სიგიჟეში გარისკავდა თავისი ქვეყნის სრულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, მორალურ განადგურებას. უკრაინაზე თავდასხმა შოკში მაგდებს“, – განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა.