მედიის ინფორმაციით, ევროპის მართლმსაჯულების სასამართლომ დაადგინა, რომ პოლონეთის კანონი მოსამართლეების დანიშვნის შესახებ ევროკავშირის კანონმდებლობას არღვევს
მედიის ინფორმაციით, ევროპის მართლმსაჯულების სასამართლომ დაადგინა, რომ პოლონეთის კანონი მოსამართლეების დანიშვნის შესახებ ევროკავშირის კანონმდებლობას არღვევს

ევროპის მართლმსაჯულების სასამართლომ დაადგინა, რომ პოლონეთში განხორციელებული სასამართლო რეფორმა, რომლის მიხედვით პოლონეთის ხელისუფლებას მოსამართლეების დანიშვნის შესაძლებლობა ექნება, ევროკავშირის კანონმდებლობას არ შეესაბამება.

ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

სასამართლო რეფორმის მიხედვით, პოლონეთის იუსტიციის მინისტრს შესაძლებლობა აქვს, მოსამართლეები დროებით გადაიყვანოს უფრო მაღალი ინსტანციის სასამართლოში ან შეწყვიტოს მათი დროებით დანიშვნა ყოველგვარი მიზეზის ახსნის გარეშე.

ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს დადგენილებით, მოსამართლეების დროებითი გადაყვანით ისინი მოკლებულნი იქნებიან დამოუკიდებლობას და გარანტიებს, რითაც მოსამართლეები ჩვეულებრივ უნდა სარგებლობდნენ ნებისმიერ სახელმწიფოში.

სასამართლოს თქმით, იუსტიციის მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მოკლებულია სამართლებრივ კრიტერიუმებს და არ არსებობს საჭირო გარანტიები, სასამართლო გადაწყვეტილებებზე პოლიტიკური კონტროლის განხორციელების რისკის თავიდან ასაცილებლად.