მედიის ინფორმაციით, ესტონეთი ბელარუსში ახალი ელჩის დანიშნვაზე უარს აცხადებს
ესტონეთი ბელარუსში ახალი ელჩის დანიშნვაზე უარს აცხადებს. ინფორმაციას სააგენტო „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ევა მარია ლიიმეტსის განცხადებით, ბელარუსში ესტონეთის ახალი ელჩი აღარ დაინიშნება. მისი თქმით, არსებულ სიტუაციაში მსგავსი ნაბიჯი შეუსაბამო იქნება, რადგან ტალინი ალექსანდრ ლუკაშენკოს არ მიიჩნევს კანონიერ მმართველად და მისთვის რწმუნებათა სიგელის გადაცემა ესტონეთის პოზიციის ცვლილება იქნება.
ლიიმეტსის თქმით, არსებულ ვითრებაში საგარეო უწყება რამდენიმე ვარიანტს განიხილავს, მათ შორისაა მინსკში საელჩოს პერსონალის შემცირება და იქ საქმეთა დროებითი რწმუნებულის დანიშვნა. ესტონეთი როგორც ევროკავშირის წევრი სახელმწიფო ბელარუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მონაწილეა.
ევროკავშირმა სანქციების ოთხი პაკეტი აამოქმედა ალექსანდრ ლუკაშენკოს მთავრობის წინააღმდეგ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებისთვის, საპროტესტო აქციების მონაწილეთა მასობრივი დარბევისა და დაკავებისთვის, ასევე მინსკის აეროპორტში „რაინეარის“ თვითმფრინავის იძულებით დასმისთვის და ბორტზე მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტის რომან პროტასევიჩის და მისი მეგობრის სოფია საპეგას დაკავებისთვის.