მედიის ინფორმაციით, ეკვადორის დედაქალაქში მეწყერს 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სულ მცირე 48 კი დაშავდა
ეკვადორის დედაქალაქ კიტოში ძლიერი წვიმებით გამოწვეული მეწყრის შედეგად სულ მცირე 24 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ხელისუფლების განცხადებით, დაშავებულია სულ მცირე 48 ადამიანი, 12 კი დაკარგულად მიიჩნევა. ხელისუფლების განცხადებით, ძლიერმა წვიმებმა დედაქალაქთან ახლოს მდებარე ხეობაში წყლის დაგროვება გამოიწვია, რასაც მეწყრული პროცესების განვითარება და ფერდობის ჩამოშლა მოჰყვა.
დაზარალებული უბნებიდან მოსახლეობა მერიის მიერ შექმნილ თავშესაფრებშია გადაყვანილი. სამაშველო ჯგუფები დედაქალაქის დაზარალებულ უბნებში სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს განაგრძობენ. ქალაქის მერიის განცხადებით, ძლიერი წვიმების გახანგრძლივების შემთხვევაში, მეწყრის ჩამოწოლა სხვა უბნებშიც არის მოსალოდნელი.