მედიის ინფორმაციით, დემოკრატები დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს ხელმეორედ ეცდებიან
მედიის ინფორმაციით, დემოკრატები დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს ხელმეორედ ეცდებიან

დემოკრატები დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს ხელმეორედ ეცდებიან, – როგორც ამერიკული მედია წერს, ორშაბათს ტრამპის ოპონენტები შესაბამისი რეზოლუციის წარდგენას და იმ მუხლების დასახელებას აპირებენ, რომლითაც ისინი აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტს იმპიჩმენტს გამოუცხადებენ.

ეს იქნება პირველი შემთხვევა აშშ-ის ისტორიაში, როდესაც თეთრი სახლის ლიდერის იმპიჩმენტს კანონმდებლები მეორედ ეცდებიან. დემოკრატები ტრამპს აჯანყების წაქეზებაში სდებენ ბრალს და ამტკიცებენ, რომ ტრამპის ქმედებები ეროვნულ უსაფრთხოებას და კონსტიტუციას ემუქრებოდა.

როგორც „სიენენი“ იუწყება, იმპიჩმენტის ინიციატივას კონგრესმენები 11 იანვარს წარმომადგენელთა პალატაში წარადგენენ.

„ჩვენ გვაქვს ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ტრამპი ბრბოს აქეზებს. ასევე ჩანაწერი, რომელშიც ბრბო ძალადობს და კაპიტოლიუმს შტურმით იღებს“, – განაცხადა „ტვიტერის“ გვერდზე დემოკრატმა კონგრესმენმა, ტედ ლიემ, რომელიც იმპიჩმენტის შესახებ ინიციატივის ავტორია.

ამასთან, როგორც ამერიკული მედია იუწყება, დემოკრატების ინიციატივას ჯერ არც ერთმა რესპუბლიკელმა არ დაუჭირა მხარი. ექსპერტების თქმით კი, იმ შემთხვევაში, თუ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურა მომდევნო კვირაში დაიწყება, სენატს ამისთვის ფაქტობრივად დრო არ ეყოფა.

დემოკრატები კი აცხადებენ, რომ აღნიშნული რეზოლუციის ტრამპისთვის სამომავლოდ სახელმწიფო თანამდებობის დაკავების აკრძალვა სურთ. ამრიგად, თუ რეზოლუციას კონგრესი და სენატი დაამტკიცებს, ტრამპის 2024 წელს პრეზიდენტად კენჭისყრის იურიდიული უფლება აღარ ექნება.