მედიის ინფორმაციით, დაჯგუფება „ჰამასი“ ყველა პალესტინელი პატიმრის გათავისუფლებას და ალ-აქსას მეჩეთში ისრაელის ქმედებების დასრულებას ითხოვს
„ჰამასი“ ყველა პალესტინელი პატიმრის გათავისუფლებას და დასავლეთ სანაპიროსა და იერუსალიმში, კერძოდ, ალ-აქსას მეჩეთში ისრაელის ქმედებების დასრულებას ითხოვს. ამის შესახებ დაჯგუფების სპიკერმა, აბდელ ლატიფ ალ-ქანუამ განაცხადა.
როგორც მან „ასოშიეითიდ პრესს“ ტელეფონით განუცხადა, „ჰამასის“ წევრებსა და ისრაელის ძალებს შორის შეტაკებები ჯერ კიდევ გრძელდება. რადიკალური მოძრაობის წარმომადგენლის თქმით, მათ ორშაბათს, დილით კიდევ აიყვანეს ტყვედ ისრაელელები. ამასთან, ის არ აკონკრეტებს, რამდენი ადამიანი ჰყავს დაჯგუფებას აყვანილი მძევლად. აბდელ ლატიფ ალ-ქანუამის თქმით, ზუსტ ციფრებს მოგვიანებით „ჰამასის“ სამხედრო ფრთა, „ალ-ყასამის ბრიგადები“ გამოაცხადებს.
„ჩვენ ღია ბრძოლაში ვართ ჩვენი ხალხის და ალ-აქსას მეჩეთის დასაცავად. ეს ბრძოლა დაკავშირებულია პალესტინელი პატიმრების გათავისუფლებასთან და იერუსალიმში ამ ფაშისტური მთავრობის ქმედებების შეწყვეტისკენ“, – განაცხადა „ჰამასის“ სპიკერმა, აბდელ ლატიფ ალ-ქანუამ.
ამის პარალელურად, ჩინეთის სახელმწიფო სააგენტო „სინჰუა“ „ჰამასთან“ დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ კატარი შუამავლის ძალისხმევას აწარმოებს, რათა მოხდეს „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი ქალების ისრაელის ციხეებში მყოფ პალესტინელ ქალ პატიმრებზე გაცვლა. აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენლებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.