მედიის ინფორმაციით, ბულგარეთის პარლამენტმა უკრაინისთვის „ეს-300“-ის ტიპის კომპლექსებისთვის განკუთვნილი რაკეტების გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება დაამტკიცა
ბულგარეთის პარლამენტმა უკრაინისთვის „ეს-300“-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებისთვის განკუთვნილი რაკეტების გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება დაამტკიცა. შესაბამისი გადაწყვეტილება ბულგარეთის რესპუბლიკის პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მიიღო.
როგორც „ბიბისის“ რუსულენოვანი ბიურო რუსულ სახელმწიფო სააგენტო „ტასზე“ დაყრდნობით წერს, უკრაინისთვის დამატებითი შეიარაღების საკითხზე ბულგარეთის პარლამენტში ხმაურიანი დებატები სამ საათს გაგრძელდა. ოპოზიციონერი დეპუტატები მმართველი პარტიის წარმომადგენლებს ეროვნული ინტერესების ღალატში ადანაშაულებდნენ და თავდაცვის მინისტრის გადადგომას მოითხოვდნენ, ხოლო ბულგარელმა სოციალისტებმა ბოიკოტი გამოუცხადეს სხდომას.
სხდომის ნაწილი დახურულ რეჟიმში წარიმართა, რა დროსაც დეპუტატებმა ბულგარეთის საჰაერო თავდაცვის სისტემების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.
ბულგარეთის პარლამენტის ამ გადაწყვეტილების გამო რუსეთმა შეშფოთება გამოხატა და ბულგარეთის ხელისუფლებას მოუწოდა, თავი შეიკავოს კიევისთვის აღნიშნული საბრძოლო მასალის გადაცემისგან.
რუსეთის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ფედერალურ სამსახურში განაცხადეს, რომ ბულგარეთის პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მოსკოვისა და ბულგარეთის მიერ 2002 წელს გაფორმებულ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, მოსკოვის განცხადებით, რუსეთში წარმოებული შეიარაღების მესამე მხარისთვის გადაცემა კრემლის თანხმობის გარეშე დაუშვებელია.
„საუბარია ბულგარეთის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების მორიგ უხეშ დარღვევაზე“, – ნათქვამია რუსეთის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რუსეთში აცხადებენ, რომ ბულგარეთში მიღებული გადაწყვეტილება აუცილებლად გამოიწვევს კონფლიქტის ესკალაციას და უდანაშაულო ადამიანების მსხვერპლს.