მედიის ინფორმაციით, ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს, სვეტლანა ციხანოვსკაიას სასამართლომ დაუსწრებლად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
მედიის ინფორმაციით, ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს, სვეტლანა ციხანოვსკაიას სასამართლომ დაუსწრებლად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს, სვეტლანა ციხანოვსკაიას სასამართლომ დაუსწრებლად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ბელარუსის სახელმწიფო სააგენტო „ბელტა“ ავრცელებს.

ვერდიქტის მიხედვით, ოპოზიციონერმა სასჯელი საერთო რეჟიმის კოლონიაში უნდა მოიხადოს. აღსანიშნავია, რომ, ციხანოვსკაიასთან ერთად, 18 წლით და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს საქმის სხვა ფიგურანტებს, მათ შორის არის ბელარუსის კულტურის ყოფილი მინისტრი პაველ ლატუშკო.

ბელარუსის ხელისუფლება ციხანოვსკაიასა და მის თანამოაზრეებს ხელისუფლების არაკონსტიტუციური გზით ხელში ჩაგდების მიზნით შეთქმულებაში, ექსტრემისტული ფორმირების შექმნასა და მის ხელმძღვანელობაში, ასევე ხელისუფლების ხელში ჩაგდებისკენ საჯარო მოწოდებებსა და სხვა ქმედებებში ადანაშაულებს.

სვეტლანა ციხანოვსკაია ამჟამად ბელარუსში არ იმყოფება. ის 2020 წელს ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდა და კენჭს იყრიდა მეუღლის ნაცვლად, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში დააკავეს და 18 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი.

2020 წელს ბელარუსში ჩატარებული არჩევნები აშშ-მა, ევროკავშირმა და მისმა მოკავშირეებმა არალეგიტიმურად ცნეს.