მედიის ინფორმაციით, ბელარუსიდან მიგრანტების რაოდენობის ზრდის გამო ლიეტუვა საზღვარზე მავთულხლართების აგებას გეგმავს
ბელარუსიდან მიგრანტების რაოდენობის ზრდის გამო ლიეტუვა მავთულხლართების აგებას გეგმავს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.
ლიეტუვის ხელისუფლებამ ბელარუსიდან არალეგალი მიგრანტების შესაჩერებლად საზღვრის 550-კილომეტრიანი მავთულხლართებით შემოსაზღვრის გადაწყვეტილება მიიღო. მთვრობის განცხადებით, სამხედრო ტიპის მავთულხლართების მშენებლობა დაახლოებით 4,9 მილიონი ევრო დაჯდება და მეჩხრად დასახლებულ რაიონებში, ტყის მასივებში და ჭაობიან ადგილებში დამონტაჟდება.
მთავრობის განცხადებით, მოგვიანებით მავთულხლართებთან ერთად ორი მეტრის სიმაღლის სასაზღვრო ღობეც აიგება, რომლის ღირებულება დამატებით 41 მილიონი ევრო იქნება.
გარდა ამისა, ლიეტუვის პარლამენტი გეგმავს განიხილოს კანონპროექტი, რომლის მიხედვით თავშესაფრის მაძიებლის საქმის განხილვა ათი დღის ვადაში უნდა განხორციელდეს. კანონპროექტის მიხედვით, პირი, რომელიც საზღვარს არალეგალურად გადაკვეთს, დაკავებული იქნება და აეკრძალება გარეთ გასვლა.
გასული კვირის განმავლობაში ბელარუსიდან ლიეტუვაში ასობით არალეგალი მიგრანტი გადავიდა, რომელთა უმეტესობა, ლიეტუვის ხელისუფლების თქმით, ერაყის მოქალაქეა. ბელარუსმა, ევროკავშირის მხრიდან დაწესებული სანქციების საპასუხოდ, სასაზღვრო კონტროლის შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო და არალეგალ მიგრანტებს ლიეტუვის ტერიტორიაზე შესვლის საშუალება მისცა. ბელარუს-ლიეტუვის საზღვარი 679 კილომეტრის სიგრძისაა. გასული წლების განმავლობაში მხოლოდ 78-კილომეტრიანი მონაკვეთი იყო შემოღობილი, ხოლო 268 კილომეტრის საზღვრის მონიტორინგი ელექტრონულად ხდებოდა.