მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანმა სომხეთს 2021 წელს დაკავებული რვა სამხედრო მოსამსახურე გადასცა
აზერბაიჯანმა სომხეთს 2021 წელს დაკავებული რვა სამხედრო მოსამსახურე გადასცა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია სამხედრო ტყვეების, მძევლებისა და უგზო-უკვლოდ დაკარგული მოქალაქეების საქმეების სახელმწიფო კომისიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის თქმით, გადაცემული სამხედროების ნაწილი 2021 წლის 16 ნოემბერს დააკავეს, აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის ქალბაჯარის მონაკვეთის გადაკვეთისას.
როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, ამ ნაბიჯის საპასუხოდ, სომხურმა მხარემ აზერბაიჯანულ მხარეს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია სომხეთ-აზერბაიჯანის პირველი ომის დროს დაღუპული აზერბაიჯანის სამხედროების, მშვიდობიანი მოსახლეობისა და მათი სავარაუდო დაკრძალვის ადგილების შესახებ.
ამასთან, სომხური მედია წერს, რომ აზერბაიჯანის მიერ სამხედრო მოსამსახურეების გადაცემის ფაქტი სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც დაადასტურა და გადაცემული სომეხი ჯარისკაცების სახელები გამოაქვეყნა. მედიის ცნობით, საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ სამხედროების გადაცემა საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუილ მაკრონისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის შუამავლობით განხორციელდა.