მედიის ინფორმაციით, ავტობუსი, რომელიც ლიპეცკის ოლქში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ამოტრიალდა, საქართველოს მოქალაქეს ეკუთვნოდა
მედიის ინფორმაციით, ავტობუსი, რომელიც ლიპეცკის ოლქში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ამოტრიალდა, საქართველოს მოქალაქეს ეკუთვნოდა

ავტობუსი, რომელიც ლიპეცკის ოლქში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ამოტრიალდა, საქართველოს მოქალაქეს ეკუთვნოდა. რუსული მედიის ცნობით, სატრანსპორტო საშუალება საქართველოში იყო დარეგისტრირებული და კერძო პირის საკუთრებაში იყო.

ამასთან, ცნობილი ხდება, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქართველები შესაძლოა ლიპეცკის ოლქის კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანონ. რუსული მედიის ცნობით, ქალაქ ელეცში უკვე ჩავიდა ლიპეცკის ოლქის კლინიკური საავადმყოფოს მედიკოსების ჯგუფი, რომლებიც დაშავებულებიდან სავარაუდოდ მინიმუმ ერთი პაციენტის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფენ. იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ავტოსაგზაო შემთხვევას გადაურჩნენ, სპეციალური ავტობუსი გამოუყვეს, რომლითაც ისინი სოფელ სტანოვოეში გადაიყვანეს.

ლიპეცკის ოლქში ავტოსაგზაო შემთხვევა ადგილობრივი დროით, 18:40 საათზე სტანოვლიანსკის რაიონის დასახლებულ პუნქტ იარლუკინოსთან მოხდა. მოსკოვი-თბილისის რეისი ავტობუსში სულ 19 ადამიანი იმყოფებოდა – ორი მძღოლი და 17 მგზავრი. ყველა მათგანი საქართველოს მოქალაქე იყო.

რუსული მედია რეგიონის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ავარიის დროს ორი ადამიანი დაიღუპა, რვა პირი კი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მათგან ერთი ბავშვია. როგორც რუსული მედია იუწყება, მცირეწლოვანი სამედიცინო ცენტრში მამასთან ერთად იმყოფება. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.