მედიის ინფორმაციით, ავღანეთის ახალ მთავრობას ისლამისტური მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებელი, აბდულ ღანი ბარადარი უხელმძღვანელებს
„როიტერის“ ინფორმაციით, „თალიბანში“ განაცხადეს, რომ ავღანეთის ახალ მთავრობას, რომელიც მალე გამოცხადდება, უხელმძღვანელებს ისლამისტური მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებელი აბდულ ღანი ბარადარი, რომელიც ამჟამად დაჯგუფების პოლიტიკური მიმართულების ხელმძღვანელია.
ახალ მთავრობაში მნიშვნელოვან თანამდებობას ასევე დაიკავებენ „თალიბანის“ დამფუძნებლის მოლა ომარის შვილი, მოჰამედ იაქუბი და მოჰამედ აბას სტანეკზაი.
მოძრაობის ყველა ლიდერი ამჟამად ქაბულში იმყოფება, სადაც ახალი მთავრობის გამოცხადების მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
„თალიბანმა“, რომლებმაც დედაქალაქი ქაბული 15 აგვისტოს დაიკავა, ავღანეთის მთელს ტერიტორიაზე დაამყარა კონტროლი, პანჯშირის პროვინციის გარდა, სადაც სამთავრობო ძალების ნაწილები არიან შეკრებილი. ამჟამად დაჯგუფების წევრებსა და სამთავრობო ძალებს შორის პანჯშირის ხეობაში შეტაკებები მიმდინარეობს. ვრცელდება ცნობები მსხვერპლის შესახებაც. პანჯშირის ხეობაში შეკრებილ მეომრებს ავღანეთის მუჯაჰიდთა ფრონტის ყოფილი მეთაურის, აჰმად შაჰ მასუდის ვაჟი, აჰმად მასუდი ხელმძღვანელობს.