მედიის ინფორმაციით, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს უკრაინიდან საკუთარი სამხედრო ინსტრუქტორები გაჰყავთ
აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს უკრაინიდან საკუთარი სამხედრო ინსტრუქტორები გაჰყავთ.
პენტაგონის ოფიციალური წარმომადგენლის, ჯონ კირბის განცხადებით, ფლორიდის ეროვნული გვარდიის 150-მდე სამხედრო ინსტრუქტორი, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალების გადამზადებაში იღებდნენ მონაწილეობას, უკრაინას ტოვებენ. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
სამხედრო ინსტრუქტორების განთავსება ევროპის ტერიტორიაზე იგეგმება, თუმცა რომელ ქვეყანაში, ჯერჯერობით ცნობილი არ არის. ჯონ კირბის თქმით, სამხედრო ინსტრუქტორების გაყვანის მიუხედევად, აშშ-ის პოზიცია უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერის საკითხში უცვლელი რჩება.
ამასთან, „ბიბისის“ ცნობით, უკრაინიდან საკუთარი სამხედრო ინსტრუქტორების გაყვანის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს დიდ ბრიტანეთშიც. თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ჯეიმს ჰიპის განცხადებით, ბრიტანელი სამხედრო ინსტრუქტორები უკრაინას კვირის ბოლომდე დატოვებენ. აქვე, ჰიპიმ ბრიტანეთის მოქალაქეებს მოუწოდა, სასწრაფოდ დატოვონ უკრაინა, რადგან მისი თქმით, რუსეთის შეჭრის შემთხვევაში ბრიტანეთი ვერ შეძლებს მათ ევაკუაციას.
„ჩვენ ახლა დარწმუნებული ვართ, რომ საარტილერიო სისტემებს, სარაკეტო სისტემებს და საბრძოლო საჰაერო ძალებს პოზიციები დაკავებული აქვთ, რაც საშუალებას აძლევს რუსეთს, უკრაინაზე შეტევა გაუფრთხილებლად განახორციელოს”,- განაცხადა ჯეიმს ჰიპიმ.