ალექსანდრ ლუკაშენკო მზადყოფნას გამოთქვამს ბალტიის პორტებში უკრაინული მარცვლეულის ბელარუსის გავლით ტრანზიტისთვის, სანაცვლოდ კი ამ პორტებში ბელარუსული პროდუქციის დაშვებას ითხოვს
ალექსანდრ ლუკაშენკო მზადყოფნას გამოთქვამს ბალტიის პორტებში უკრაინული მარცვლეულის ბელარუსის გავლით ტრანზიტისთვის, სანაცვლოდ კი ამ პორტებში ბელარუსული პროდუქციის დაშვებას ითხოვს

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო უკრაინული მარცვლეულის ბალტიის პორტებში ბელარუსის ტერიტორიის გავლით ტრანზიტისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.

როგორც ბელარუსული სახელმწიფო სააგენტო „ბელტა“ წერს, ამის შესახებ ალექსანდრ ლუკაშენკომ გაერო-ს გენერალურ მდივანს, ანტონიუ გუტერეშს სატელეფონო საუბრის დროს განუცხადა. ამასთან, ლუკაშენკოს თქმით, მთავარია, რომ ეს პორტები ღია იყოს ბელარუსული პროდუქტებისთვისაც.

„ბელტას“ ცნობით, საუბრის დროს, ლუკაშენკომ ასევე განაცხადა, რომ ბელარუსი მზად არის, ბელარუსის სარკინიგზო ტრანსპორტით უკრაინული მარცვლეულის ტრანზიტს ყველანაირად დაეხმაროს.

ბელარუსის პრეზიდენტმა შესთავაზა ანტონიუ გუტერეშს, რომ მარცვლეულის ექსპორტის პობლემის დარეგულირება ბელარუსის, უკრაინისა და ბალტიის ქვეყნების წარმომადგენელთა მონაწილეობით მოლაპარაკებების მრგვალ მაგიდასთან მოხდეს.

როგორც „ბელტა“ წერს, ანტონიუ გუტერეშმა ითხოვა რამდენიმე დღე ამ საკითხის დაინტერესებული ქვეყნების ხელმძღვანელობებთან განსახილველად და ბელარუსის რესპუბლიკის გავლით საერთაშორისო ბაზრებზე უკრაინული მარცვლეულის მიწოდების პირობების განსაზღვრისთვის.