მედიის ცნობით, ყარაბაღში დისლოცირებულმა რუსმა სამხედროებმა საკუთარი ბაზის შესასვლელთან შეკრებილი აქტივისტები ძალის გამოყენებით დაშალეს
ყარაბაღში დისლოცირებულმა რუსმა სამხედროებმა საკუთარი ბაზის შესასვლელთან შეკრებილი აქტივისტები ძალის გამოყენებით დაშალეს, – ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლების“ სომხურენოვანი სამსახური ავრცელებს.
როგორც იუწყებიან, რუსი ჯარისკაცების ბაზის შესასვლელი ყარაბაღის მცხოვრებლებს ჰქონდათ ბლოკირებული, რომლებიც ე.წ. ლაჩინის დერეფნის გახსნას ითხოვენ და რუს სამხედროებს უმოქმედობაში სდებენ ბრალს.
აქტივისტები აცხადებენ, რომ რუსი ჯარისკაცები ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებენ. ისინი მოითხოვენ, რომ რუსმა სამხედროებმა უზრუნველყონ მათი უსაფრთხოება საპროტესტო საავტომობილო მსვლელობის მიმდინარეობისას, რომლის ჩატარებასაც ისინი უახლოეს ხანში გეგმავენ.
ცნობისთვის, სომხეთის ხელისუფლება ე.წ. ლაჩინის დერეფნის ბლოკირებაში აზერბაიჯანს სდებს ბრალს, რასაც ბაქოში უარყოფენ. ე.წ. ლაჩინის დერეფანი ერთადერთი გზაა, რომლითაც ყარაბაღი სომხეთს უკავშირდება.