მედიის ცნობით, ვლადიმერ პუტინმა ოლაფ შოლცს უთხრა, რომ უკრაინა მოლაპარაკებების პროცესის გაჭიანურებას ცდილობს
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ტელეფონით ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს.
სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ოლაფ შოლცმა პუტინს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა. თითქმის ერთსაათიანი სატელეფონო საუბრის დროს, გერმანიის კანცლერმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე.
ამასთან, რუსული მედიის ცნობით, სატელეფონო საუბრის დროს ვლადიმერ პუტინმა ოლაფ შოლცს უთხრა, რომ კიევი მოლაპარაკებების პროცესის გაჭიანურებას ცდილობს და ახალ და არარეალურ მოთხოვნებს აყენებს.
მოლაპარაკებების პროცესზე კომენტარი გააკეთა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტი პესკოვმაც, რომლის თქმითაც, უკრაინის დელეგაცია მოლაპარაკებების ტემპის დაჩქარების მზადყოფნას არ გამოთქვამს.
ამასთან, პესკოვი აღნიშნავს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის დოკუმენტის ხელმოწერის ფორმატი და დონე დამოკიდებული იქნება ტექსტის მოდალობაზე, რომელიც ჯერ კიდევ შესათანხმებელია.
„ეს დამოკიდებული იქნება დოკუმენტის მოდალობაზე, რომელიც ჯერ შესათანხმებელია. ჯერ არ ჩავღრმავებივართ მოლაპარაკებების დეტალებს. შემიძლია, მხოლოდ განვაცხადო, რომ რუსეთის დელეგაცია გამოთქვამს მზადყოფნას, იმუშაოს ბევრად სწრაფად, ვიდრე ეს ახლა კეთდება. სამწუხაროდ, უკრაინის დელეგაცია მოლაპარაკებების ტემპის დაჩქარების მზადყოფნას არ გამოთქვამს“, – განაცხადა პესკოვმა შეკითხვაზე, თუ ვინ მოაწერს ხელს სამშვიდობო შეთანხმებას.