მედიის ცნობით, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც მოსკოვის მიერ კონტროლირებად უკრაინის ტერიტორიებზე რუსეთის პასპორტის აღება სავალდებულო იქნება
მოსკოვის მიერ კონტროლირებად უკრაინის ტერიტორიებზე რუსეთის პასპორტის აღება სავალდებულო იქნება. შესაბამის განკარგულებას რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მოაწერა ხელი.
სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ვლადიმერ პუტინის განკარგულება ვრცელდება უკრაინის ოთხ რეგიონზე. დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს მცხოვრებლებს რუსეთის მოქალაქეობის მიღება პირველ ივლისამდე მოუწევთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ დეპორტაციის საფრთხე დაემუქრებათ.
ამ განკარგულების მიხედვით, დეპორტაცია, შესაძლოა, დაემუქროთ იმ პირებსაც, ვინც რუსეთის ეროვნულ ინტერესებს დაემუქრებიან ან მონაწილეობას მიიღებენ საპროტესტო აქციებში.
საპასუხოდ უკრაინაში აცხადებენ, რომ მოსკოვი იძულებით და დაშინებით ცდილობს, რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე მცხოვრებ უკრაინელებს რუსეთის მოქალაქეობა მიაღებინოს.