მედიის ცნობით, ვლადიმერ პუტინი დასავლეთს ენერგორესურსების მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა
ვლადიმერ პუტინი დასავლეთს ენერგორესურსების მიწოდების შეწყვეტით ემუქრება. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
„ბიბისის“ ცნობით, ევროკომისია ევროკავშირის 27 წევრს 9 სექტემბერს რუსულ გაზზე ფასის ზედა ზღვარის დაწესებას შესთავაზებს და სავარაუდოდ ეს იგულისხმა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადივოსტოკში მიმდინარე აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, როდესაც განაცხადა, რომ არ შეასრულებს მოთხოვნებს.
„ჩვენ მათ უბრალოდ არ შევასრულებთ და საერთოდაც, არაფერს მივაწვდით, თუ ეს ჩვენს ინტერესებს ეწინააღმდეგება, ამ შემთხვევაში, ეკონომიკურს. ჩვენ არ მივაწვდით არც გაზს, არც ნავთობს, არც ნახშირს და არც მაზუთს – არაფერს მივაწვდით. ჩვენ სრულად შევასრულებთ ჩვენს სახელშეკრულებო ვალდებულებებს, მაგრამ თუ ვინმე შეეცდება ჩვენთვის რაიმეს დაწესებას, მაშინ მინდა, აღვნიშნო, რომ ვინც აწესებს, დღეს არ არის იმ მდგომარეობაში, რომ თავისი ნება გვიკარნახოს. გონს მოვიდნენ. ჩვენ დაწესებულს არაფერს გავაკეთებთ და დაგვრჩება მხოლოდ ერთი რამ, მხოლოდ ერთი რამ, როგორც ცნობილ რუსულ ზღაპარშია რომ ვთქვათ: „გაიყინე, გაიყინე, მგლის კუდო“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.