მედიის ცნობით, ვიქტორ ორბანმა სერბეთისა და თურქმენეთის პრეზიდენტებთან შეხვედრისას ეკონომიკური, პოლიტიკური ურთიერთობები და ენერგოუსაფრთხოების საკითხები განიხილა
სახელმწიფო ლიდერები ბუდაპეშტში 2023 წლის მძლეოსნობის მსოფლიო ჩემპიონატსა და ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით იკრიბებიან. დღეს იგეგმება თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ვიზიტიც.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სერბეთის პრეზიდენტს, ალექსანდრ ვუჩიჩს შეხვდა. როგორც მედია წერს, მათ განიხილეს ორი ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობები, ასევე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაცია, არალეგალური მიგრაციის შესაძლო შეჩერება და ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის სექტორში არსებული ორმხრივი განვითარების საკითხები.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ალექსანდრ ვუჩიჩი ეროვნულ დღესასწაულში მიიღებს მონაწილეობას და მძლეოსნობის მსოფლიო ჩემპიონატის ღონისძიებებს დაესწრება.
ამასთან, ვიქტორ ორბანი თურქმენეთის პრეზიდენტს, სერდარ ბერდიმუჰამედოვსაც შეხვდა, რომელთანაც ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრა. პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის თქმით, უნგრეთი იქნება თურქმენეთიდან გაზის ექსპორტის სბოლოო დანიშნულების ერთ-ერთი ადგილი. ასევე ითქვა, რომ არსებობს თანამშრომლობის შესაძლებლობები ჯანდაცვის, ფარმაცევტული მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, წყლის მოპოვების, განათლებისა და კულტურის სფეროებში.