უსაფრთხოების თანამშრომელთა დაგეგმილი გაფიცვის გამო ბრიუსელის ავიახაზები 1-ელ ოქტომბერს ფრენების უმეტესობას გააუქმებს
უსაფრთხოების თანამშრომელთა დაგეგმილი გაფიცვის გამო ბრიუსელის ავიახაზები 1-ელ ოქტომბერს ფრენების უმეტესობას გააუქმებს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ბრიუსელის აეროპორტმა (BRU) ავიაკომპანიებს სთხოვა, გადახედონ თავიანთ განრიგებს, რადგან გაფიცვა გამოიწვევს უსაფრთხოების შემოწმებების შემცირებას.
აეროპორტის ინფორმაციით, უსაფრთხოების პერსონალის დიდი ნაწილი, სავარაუდოდ, მონაწილეობას მიიღებს 1-ელ ოქტომბერს გაფიცვაში, რასაც მნიშვნელოვანი გავლენა ექნება აეროპორტის მუშაობაზე.
ბრიუსელის ავიახაზების წარმომადგენლის თქმით, მათ მოუწევთ იმ დღისთვის დაგეგმილი 203 ფრენიდან 80%-ის გაუქმება, მგზავრებს კი ალტერნატიულ ფრენებს შესთავაზებენ.
აეროპორტის ინფორმაციით, გასულ თვეს ბრიუსელის აეროპორტმა დაახლოებით 2.4 მილიონი მგზავრი მიიღო და 18 600 ფრენა განახორციელა. მანამდე ბრიუსელის მეორე უდიდეს აეროპორტში, შარლერუაში თანამშრომელთა რამდენიმედღიანი გაფიცვის გამო ასობით რეისი გაუქმდა.