მედიის ცნობით, უნგრეთის პარლამენტს შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების საკითხზე კენჭისყრა სურს, თუმცა მმართველი პარტია მასში მონაწილეობას არ აპირებს
უნგრეთის პარლამენტს შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებაზე კენჭისყრა სურს. ამის შესახებ SVT-ი იუწყება.
მედიის ინფორმაციით, ორშაბათს უნგრეთის პარლამენტმა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას უნდა უყაროს კენჭი, თუმცა ოპოზიციური სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრის, აგნეს ვადაის თქმით, მმართველი პარტია „ფიდესი“ არ მიიღებს მონაწილეობას კენჭისყრაში, რის გამოც შვედეთის წევრობაზე კენჭისყრა ვერ შედგება.
ვადაის განცხადებით, „ფიდესმა“ გამოაცხადა, რომ ისინი არ მივლენ სხდომაზე, ამიტომ ვერც კენჭისყრა და ვერც რატიფიცირება ვერ შედგება.
ცნობისთვის, ივლისის დასაწყისში, ვილნიუსში ნატო-ს სამიტის შემდეგ უნგრეთმა დაადასტურა, რომ დათანხმდებოდა შვედეთის ნატო-ში წევრობას. ამის შემდეგ პარლამენტში განაცხადეს, რომ უნგრეთი შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას მხოლოდ სექტემბერში მისცემდა ხმას, როდესაც პარლამენტი ზაფხულის არდადეგების შემდეგ მუშაობას განაახლებდა.