უნგრეთი სომხეთისთვის ევროკავშირის სამხედრო დახმარების გაწევის პროექტს ბლოკავს
უნგრეთი ევროკავშირის მშვიდობის ფონდიდან სომხეთისთვის თანამედროვე სამხედრო დახმარების გაწევის პროექტს აფერხებს. გავრცელებული ინფორმაციით, საკითხის ირგვლივ ალიანსში წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა უნგრეთი ითხოვს, რომ მსგავსი დახმარება აზერბაიჯანისთვისაც გამოიყოს.
დოკუმენტის პროექტი, რომელსაც “რადიო თავისუფლების” სომხური სამსახური გაეცნო, მოითხოვს 10 მილიონი ევროს გამოყოფას სომეხი სამხედროებისთვის მომდევნო ორწელიწად-ნახევრის განმავლობაში.
თანხა ძირითადად უნდა დაიხარჯოს საველე ჰოსპიტლისა და არმიის დანაყოფისთვის დამხმარე საშუალებების შექმნაზე.
დახმარების გამოყოფა მოითხოვს ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს ერთსულოვან მხარდაჭერას. ევროკავშირის ლიდერები ბუდაპეშტის მოთხოვნას განიხილავენ.
ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნებისგან განსხვავებით, უნგრეთი აზერბაიჯანს ყარაბაღის კონფლიქტში ღიად უჭერდა მხარს.
სომხეთის ყოფილმა ხელმძღვანელობამ უნგრეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2012 წელს, მას შემდეგ გაყინა, რაც ვიქტორ ორბანის მთავრობამ აზერბაიჯანს არმიის ოფიცერი გადასცა, რომელმაც 2004 წელს ბუდაპეშტში მძინარე სომეხი კოლეგა მოკლა. ოფიცერი რამილ საფაროვი აზერბაიჯანში დაბრუნებისას ილჰამ ალიევმა შეიწყალა, დააჯილდოვა და დააწინაურა.
სომხეთის ამჟამინდელმა მთავრობამ დიპლომატიური კავშირების აღდგენა 2022 წელს გადაწყვიტა.