მედიის ცნობით, უკრაინის ქალაქ უმანში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის მსხვერპლთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა, დაღუპულთა შორის სამი ბავშვია
მედიის ცნობით, უკრაინის ქალაქ უმანში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის მსხვერპლთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა, დაღუპულთა შორის სამი ბავშვია

უკრაინის ქალაქ უმანში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის მსხვერპლთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა, დაღუპულებს შორის სამი ბავშვია, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ჩერკასის ოლქის გუბერნატორზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ორი დაღუპული ამოიყვანეს: მოცემული მომენტისთვის გვყავს რუსების მიერ მოკლული უმანის 17 მშვიდობიანი მცხოვრები. სამაშველო ოპერაცია გრძელდება“, – წერს ჩერკასის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იგორ ტაბურეცი „ტელეგრამში“.

ამასთან, სარაკეტო იერიშის შედეგად დაშავებულია 18 ადამიანი, მათგან 11-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში 148 ადამიანი და ტექნიკის 36 ერთეული მონაწილეობს. სარაკეტო იერიშის შედეგად მრავალსართულიანი კორპუსის მთელი სადარბაზო ჩამოინგრა, დაზიანდა ან განადგურდა 33 ავტომობილი.