მედიის ცნობით, უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში მოპოვებული ქვანახშირი ნატო-ს წევრ თურქეთში იყიდება
მედიის ცნობით, უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში მოპოვებული ქვანახშირი ნატო-ს წევრ თურქეთში იყიდება

უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში მოპოვებული ქვანახშირი ნატო-ს წევრ თურქეთში იყიდება. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ რუსეთის საბაჟო მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

კერძოდ, მედიასაშუალების ცნობით, თურქეთში მიმდინარე წელს რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინულ ტერიტორიებზე მოპოვებული, სულ მცირე, 14,3 მილიონი დოლარის ღირებულის ქვანახშირის ექსპორტი განხორციელდა.

თებერვლიდან ივლისამდე პერიოდში დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებიდან თურქეთში 160 400 ტონა ქვანახშირის ტრანსპორტირება განხორციელდა. ორი უკრაინული რეგიონიდან თურქეთში ქვანახშირის ექსპორტი სააგენტო „როიტერს“ სამმა მწარმოებელმა კომპანიამაც დაუდასტურა.

არსებული მონაცემებით, თურქეთი ოკუპირებული უკრაინული რეგიონებიდან ქვანახშირის ექსპორტის უმსხვილესი დანიშნულების ქვეყანაა, რომელზეც აღნიშნული საქონლის ექსპორტის 95% მოდის.

აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ თურქეთის ვაჭრობის სამინისტროში და საბაჟო უწყებაში.

საბაჟო მონაცემები აჩვენებს, რომ ქვანახშირის მყიდველები ჰონგ კონგში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში და ოფშორებში რეგისტრირებული კომპანიები არიან. ჩამონათვალში არ არიან თურქული კომპანიები. როგორც „როიტერი“ აღნიშნავს, მან ვერ დაადგინა, ვინ იყო საბოლოო ბენეფიციარი.

გასული წლის ნოემბერში ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში განაცხადეს, რომ მათგან უკვე ხორციელდება ქვანახშირის თურქეთში ექსპორტი, საიდანაც ის ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ბაზრებზე მიდის.