მედიის ცნობით, უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით ევროკომისიის მზადყოფნის გეგმების ერთ-ერთი სცენარი ლტოლვილების დიდ რაოდენობას უკავშირდება
უკრაინის კონფლიქტის შედეგებთან გასამკლავებლად ევროკომისიას მზადყოფნის გეგმები აქვს. როგორც გამოცემა Euobserver-ი წერს, ერთ-ერთი სცენარი ლტოლვილების დიდ რაოდენობას უკავშირდება.
ევროკომისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დეტალებზე არ ისაუბრა, თუმცა აღნიშნა, რომ ევროკავშირი ყველაფრისთვის იქნება მზად.
„დოიჩე ველეს“ ცნობით, ევროკომისიის მზადყოფნის გეგმები ვითარების ესკალაციის სხვადასხვა ასპექტებს უკავშირდება, მათ შორის ენერგომომარაგებას, ეკონომიკურ შედეგებს, ასევე ლტოლვილებთან დაკავშირებით ვითარების გამწვავებას. ამასთან, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის დიპლომატიური წარმომადგენლობა კიევში ღია რჩება.