მედიის ცნობით, თურქეთში საპროტესტო აქციების შემდეგ პროქურთული პარტიის კანდიდატის გამარჯვება აღიარეს
მედიის ცნობით, თურქეთში საპროტესტო აქციების შემდეგ პროქურთული პარტიის კანდიდატის გამარჯვება აღიარეს

მედიის ცნობით, თურქეთში საპროტესტო აქციების შემდეგ პროქურთული პარტიის კანდიდატის გამარჯვება აღიარეს.

საქმე ეხება თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე პროვინცია ვანს, სადაც 31 მარტს გამართული არჩევნების შედეგად გამარჯვება პროქურთული „სახალხო დემოკრატიული პარტიის“ წევრმა, აბდულა ზეიდანმა მოიპოვა. თუმცა რეგიონულმა საარჩევნო ადმინისტრაციამ მერის მანდატი მის ოპონენტს, მმართველი პარტიის კანდიდატ აბდულაჰატ არვასს გადასცა. ამის მიზეზად საარჩევნო საბჭოში სასამართლოს გადაწყვეტილება დაასახელეს, რომლის მიხედვითაც, ზეიდანს არ ჰქონდა კენჭისყრის უფლება, რადგანაც ის ნასამართლევია.

საპასუხოდ „სახალხო დემოკრატიულ პარტიაში“ განაცხადეს, რომ სასამართლომ მათ კანდიდატის შესახებ გადაწყვეტილება არჩევნებამდე ორი დღით ადრე მიიღო. ზეიდანის გამარჯვების ანულირებას ვანსა და სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები მოჰყვა. პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი აირი გამოიყენა. დააკავეს 89 ადამიანი.

ამის შემდეგ პროქურთულმა პარტიამ თურქეთის უმაღლეს საარჩევნო საბჭოს მიმართა და მათი კანდიდატისთვის გამარჯვების ანულირების ფაქტი გაასაჩივრა. ზეიდანის გამარჯვების აღიარებას მხარი საბჭოს შვიდმა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი წავიდა ოთხი. „სახალხოს დემოკრატიულმა პარტიამ“ ეს გადაწყვეტილება გაასაჯაროვა, რასაც ვანის ქუჩებში ზეიდანის გამარჯვების ხელახლა აღნიშვნა მოჰყვა.

ცნობისთვის, 31 მარტს გამართული არჩევნების შედეგად პროქურთული „სახალხო დემოკრატიული პარტიის“ წევრები ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ათ პროვინციაში დაიკავებენ მერის თანამდებობებს. ამავე არჩევნებზე ერდოღანის პარტია დამარცხდა. „სამართლიანობისა და განვითარების“ პარტიის წარმომადგენლები მერის პოსტს 81-დან 24 პროვინციაში დაიკავებენ.