მედიის ცნობით, თურქეთში აქცია გაიმართა, რომელზეც ღაზაში ისრაელის ქმედებები გააპროტესტეს
თურქეთში ისრაელის მიერ ღაზაზე განხორციელებული თავდასხმების გასაპროტესტებლად მსვლელობა გაიმართა, – ამის შესახებ „ანადოლუ“ წერს.
მათივე ცნობით, აქცია თურქეთის ქალაქ სტამბოლში ჩატარდა, რა დროსაც დემონსტრანტებმა ისრაელი დაადანაშაულეს ადამიანის უფლებების დარღვევაში, მათ შორის ღაზის ძირითადი ინფრასტრუქტურის განადგურებისთვის, რის შედეგადაც 500 000 ადამიანს არ აქვს წყალი და საკვები.
აქციის მონაწილეები ბეიაზითის მოედანზე პალესტინის მხარდამჭერი ბანერებით შეიკრიბნენ.
როგორც მედია წერს, „ადამიანის უფლებათა დაცვის ლიდერებმა, რომლებიც აქციაზე იმყოფებოდნენ, მიმართეს აქციის მონაწილეებს და გააკრიტიკეს აშშ იმის გამო, რომ დაუშვა უდანაშაულო პალესტინელების მკვლელობა“.