მედიის ცნობით, თურქეთის უსაფრთხოების ძალებმა სირიიდან მომავალ მიგრანტთა ნაკადს საბერძნეთის საზღვრის კვეთის საშუალება არ მისცეს
თურქეთის უსაფრთხოების ძალებმა სირიიდან მომავალ მიგრანტთა ქარავანს საბერძნეთის საზღვრის კვეთის საშუალება არ მისცა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
როგორც მედია წერს, 600-მდე ადამიანი თურქეთ-საბერძნეთის საზღვართან ახლოს, ქალაქ იფსალაში იმყოფება.
სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს მიგრანტთა ჯგუფის ამსახველ კადრებს, რომლებიც თავად მიგრანტების მიერ არის გადაღებული. „როიტერი“ წერს, რომ კადრების ავთენტურობის შემოწმების საშუალება სააგენტოს არ ჰქონია. კადრებში ჩანს, რომ პოლიციელებს ზოგიერთი მათგანი ძალის გამოყენებით გაჰყავს.
გასულ კვირას, საბერძნეთის პოლიციამ 92 მიგრანტი გადაარჩინა, ზოგიერთს სხვადასხვა ტიპის დაზიანება აღენიშნებოდა. ოფიციალურმა ანკარამ უარყო მიგრანტების მიმართ არასათანადო მოპყრობა.