მედიის ცნობით, თურქეთი უკრაინას მარიუპოლიდან დაჭრილი სამხედროების ზღვით ევაკუაციას სთავაზობს
მედიის ცნობით, თურქეთი უკრაინას მარიუპოლიდან დაჭრილი სამხედროების ზღვით ევაკუაციას სთავაზობს

​თურქეთის პრეზიდენტის მრჩეველმა, იბრაჰიმ კალინმა უკრაინას მარიუპოლიდან დაჭრილი სამხედროების ზღვით ევაკუაცია შესთავაზა. სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ამის შესახებ იბრაჰიმ კალინმა მათთან ინტერვიუში განაცხადა.

კალინის თქმით, მან პერსონალურად განიხილა აღნიშნული შეთავაზება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ორი კვირის წინ და განაცხადა, რომ შეთავაზება კვლავ ძალაშია, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი არ დათანხმებია აღნიშნულ შეთავაზებას.

როგორც „როიტერი“ წერს, გეგმის მიხედვით, „აზოვსტალის“ ქარხნიდან დაჭრილი მებრძოლები გადაყვანილი იქნებიან ქალაქ ბერდიანსკში, რომელიც ასევე მდებარეობს აზოვის ზღვის სანაპიროზე, რის შემდეგაც თურქული ხომალდი მათ სტამბოლში ჩაიყვანს.

„ეს თუ ამ გზით შესაძლებელი იქნება, ჩვენ ამის გაკეთებით მოხარულები ვიქნებით. ჩვენ მზად ვართ. სინამდვილეში, ჩვენი გემი მზად არის გასამგზავრებლად და დაჭრილი ჯარისკაცების და სხვა მშვიდობიანი მოქალაქეების თურქეთში ჩამოსაყვანად“, – განაცხადა კალინმა.

„როიტერის“ ცნობით, უკრაინულ და რუსულ მხარეს მარიუპოლიდან დაჭრილების ზღვით ევაკუაციის შესახებ კომენტარები ჯერ არ გაუკეთებიათ.

ამასთან, კალინის თქმით, რუსების პოზიცია ყოველდღიურად იცვლება.

„ისინი აკვირდებიან ადგილზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ვითარებას და სხვა დინამიკას, მათ მოლაპარაკებებს, მათ საშინაო კოორდინაციას. ამიტომ ნებისმიერი მხრიდან ხშირ შემთხვევაში რთულია მტკიცე პასუხის მიღება. გემი სტამბოლშია და ის მზადაა გასამგზავრებლად. თუმცა ჩვენ ველოდებით რუსული და უკრაინული მხარის საბოლოო თანხმობას ბერდიანსკში გასამგზავრებლად და დაჭრილების თურქეთში ჩამოსაყვანად“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტის მრჩეველმა.