მედიის ცნობით, სომხეთმა და აზერბაიჯანმა სამხედრო ტყვეები გაცვალეს
მედიის ცნობით, სომხეთმა და აზერბაიჯანმა სამხედრო ტყვეები გაცვალეს

სომხეთმა და აზერბაიჯანმა სამხედრო ტყვეები გაცვალეს. ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს ინფორმაციას. მედიის ცნობით, გაცვლის პროცესი ორი ქვეყნის საზღვარზე შედგა.

ამასთან, სომხური მედია წერს, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ ერევანს გადასცა 32 სომეხი ტყვე, რომლებიც 2020 წლიდან იყვნენ დაკავებული.

აზერბაიჯანული მედია კი ადასტურებს, რომ სომხეთმა ბაქოს გადასცა ორი სამხედრო ტყვე, რომლებიც 2023 წელს დააკავეს.

ამავდროულად, „როიტერი“ რუსულ სახელმწიფო სააგენტოზე დაყრდნობით წერს, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი ასევე განიხილავდნენ სამხედროების გაყვანას ორი ქვეყნის საზღვრებიდან, თუმცა ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

ცნობისთვის, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ადმინისტრაციამ და სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის აპარატმა 7 დეკემბერს ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნული იყო, რომ „კეთილგანწყობის ნიშნად, აზერბაიჯანი – 32 სომეხ, სომხეთი კი ორ აზერბაიჯანელ სამხედროს გაათავისუფლებდა“.