სომხეთის სოფელ კირანცში კიდევ სამი სასაზღვრო ბოძი განთავსდა, რომელსაც მესაზღვრეები იცავენ
სომხეთის ტავუშის რეგიონის სოფელ კირანცში კიდევ სამი სასაზღვრო ბოძი აღმართეს, რომელსაც მესაზღვრეები იცავენ. სომხური მედიის ინფორმაციით, ნიღბიანი მესაზღვრეები შეიარაღებული არიან. სოფლის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ სასაზღვრო ბოძები ღამით ფარულად დაამაგრეს და კირანცის მოსახლეობას მიახლოების ნებართვას არ აძლევენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ კიდევ ერთი ბოძი მდინარის მახლობლად გამოჩნდა.
სოფელ კირანცთან მისასვლელი გზა კვლავ გადაკეტილია. სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა ერთი დღით ადრე განაცხადა, რომ ტავუშის რაიონის სოფელ კირანცის მიდამოში სახელმწიფო საზღვრის დაცვის მიზნით მზადება მიმდინარეობს. კონკრეტულად რა სამზადისი მიმდინარეობს, უსაფრთხოების სამსახურში არ აკონკრეტებენ.