მედიის ცნობით, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთში დაგეგმილ „3+3“-ის ფორმატის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას
რუსული მედიის ცნობით, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი მონაწილეობას მიიღებს სამხრეთ კავკასიის საკითხებზე რეგიონული საკონსულტაციო პლატფორმის, „3+3“-ის შეხვედრაში, რომელიც 18 ოქტომბერს თურქეთში გაიმართება.
აღნიშნულის შესახებ რუსულ მედიას სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა აცნობა.
„3+3“ ფორმატი თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინიციატივით შეიქმნა. მასში სამხრეთ კავკასიის სამი სახელმწიფო, ასევე, ირანი, თურქეთი და რუსეთი შედიან. ინიციატივა ერდოღანმა პირველად 2020 წელს გააჟღერა. ამ ფორმატში პირველი შეხვედრა 2021 წელს მოსკოვში გაიმართა, ხოლო მეორე – 2023 წელს თეირანში. საქართველო არცერთ შეხვედრას არ დასწრებია. მოლაპარაკებებში საქართველო ამჯერადაც არ მიიღებს მონაწილეობას.