სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე თავდამსხმელს ბრალი წარუდგინეს, მას თავისუფლების უვადოდ აღკვეთა ემუქრება
მამაკაცს, რომელმაც სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, რობერტ ფიცოს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, ბრალი წაუყენეს. იურაი ცინტილას განზრახ მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებენ და მას თავისუფლების უვადოდ აღკვეთა ემუქრება.
სლოვაკური მედიის ინფორმაციით, გამომძიებლებმა დეტალურად დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი და მტკიცებულებები შეაგროვეს. პოლიციამ დაათვალიერა ბრალდებულის ავტომობილი, რომლითაც ის შემთხვევის ადგილას მივიდა. ჩხრეკა ჩატარდა თავდამსხმელის სახლშიც.
მედია წერს, რომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმის მოტივი მთავრობის პოლიტიკის მიუღებლობა იყო. ადგილობრივი პრესის ცნობით, ცინტულამ აღიარა, რომ ფიცოზე თავდასხმა წინასწარ დაგეგმა. მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრის დაჭრა სურდა და არა – მოკვლა. ის 30 წლის განმავლობაში ლეგალურად ფლობდა იარაღს.
ცნობისთვის, 71 წლის იურაი ცინტულა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, რობერტ ფიცოს 15 მაისს თავს დაესხა და მძიმედ დაჭრა.
ფიცოს ქირურგიული ოპერაცია ხუთი საათის განმავლობაში უტარდებოდა. ბოლო ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.